აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობამ შეარყია ამერიკის პოლიტიკა და შეძრა მთელი მსოფლიო. წამყვანმა ლიდერებმა და, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპის ოპონენტებმა, მათ შორის, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, დაგმეს ძალადობა. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ მოვლენამ გააერთიანოს ამერიკელები. გაცილებით მეტი მიზეზია იმისა, რომ მკვლელობამ შეიძლება კიდევ უფრო გააღრმავოს განხეთქილება ამერიკულ საზოგადოებაში (ძალადობის ნორმალიზებამდე).

სულ რამდენიმე თვის წინ Reuters/Ipsos-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ აშშ-ის ამომრჩეველთა ორ მესამედს ეშინია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალადობის ზრდის. იმ ფონზე, თუ გავიხსენებთ 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის შტურმს, ეს ნამდვილად აღარ არის აბსტრაქტული შიშები.

ამჟამად „პანდორას ყუთი“ ღიაა. პოლიტიკური ძალადობის აქტი წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოხდა… და მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პოლიტიკურ ისტორიაში ცნობილია მკვლელობის რამდენიმე მცდელობა ყოფილი პრეზიდენტების მიმართ, ამჟამინდელის შედეგები ნამდვილად უპრეცედენტო იქნება.

სროლა მოხდა ტრამპის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე პენსილვანიის შტატის პატარა ქალაქ ბატლერში (13000 მოსახლე). პრეზიდენტობის კანდიდატმა ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალური მიგრაციის პრობლემაზე ისაუბრა და მექსიკასთან საზღვრის უკანონო გადაკვეთის რაოდენობის გრაფიკი აჩვენა. ამ დროს ისმის სამი გასროლა. ტრამპი მარჯვენა ხელს ყურზე იჭერს. აუდიტორიაში ყვირილია. შემდეგ კიდევ რამდენიმე გასროლა გაისმა (შეფასებები განსხვავებულია, მაგრამ, სულ მცირე, 6 მაინც ისმოდა).

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტები გამოდიან სცენაზე და ეფარებიან ყოფილ პრეზიდენტს. მათ უკან შეიარაღებული მცველები მოდიან. მცველების ქმედება მყისიერი იყო და, როგორც გაირკვა, ეფექტიანი _ როგორც მოგვიანებით ითქვა, სპეცსამსახურებმა მსროლელის დანახვისას საპასუხოდ მაშინვე გახსნეს ცეცხლი დამნაშავე ადგილზევე გაანეიტრალეს. ტრიბუნის მიღმა მაყურებლებს შორის პანიკაა. მასობრივი პანიკა არ ყოფილა, მაგრამ ყველა წვება, ზოგი ტრამპის მომხრე პლაკატების მიღმა იმალება. მოგვიანებით, შევიტყობთ, რომ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები დამსწრე საზოგადოებაშიც მიიღეს.

შემდეგ არაფერი ხდება თითქმის ერთი წუთის განმავლობაში, მერე კი აგენტებით გარშემორტყმული ტრამპი ფეხზე დგებ და. მარჯვენა ხელის მუშტს აწევს. უკან ხალხს აღარ ეშინია მსროლელის _ პირიქით, ტაშს უკრავს და ბაძავს თავიანთ კერპის ჟესტს და სკანდირებს: „აშშ!“

ექსპრეზიდენტის გარემოცვამ უკვე სცადა ამ მომენტის განდიდება. აი, მაგალითად, X-ში (ტვიტერში) დონალდ ტრამპ უმცროსის პოსტი: „ის არასოდეს შეწყვეტს ბრძოლას ამერიკის გადასარჩენად“. 

შემდეგი, ტრამპი სცენიდან გაიყვანეს, ფოტოზე ნაჩვენებია სისხლიანი მარჯვენა ყური. ექიმები მარჯვენა ყურის არეში ტყვიით მიყენებულ ჭრილობას დიაგნოზად დაწერენ, ექს-პრეზიდენტი იტყვის, რომ მან „სისხლის მნიშვნელოვანი რაოდენობა დაკარგა“. მიტინგზე დაიღუპა ტრამპის მომხრე ერთ-ერთი დამსწრე, ორი კი მძიმედ დაშავდა. მათ შორის, მედიის ცნობით, რესპუბლიკელ კონგრესმენ რონი ჯექსონის ძმისშვილია, რომელსაც, მისი თქმით, კისრის დაზიანება აქვს.

FBI-მ მოგვიანებით დაადასტურა, რომ ინციდენტს იძიებს, როგორც მკვლელობის მცდელობას და რომ თავდამსხმელი, 20 წლამდე მამაკაცი, ადგილზე მოკლეს. ზოგიერთმა მედიამ მალევე მოახერხა მისი ვინაობის დადგენა _ ის არის პენსილვანიის მკვიდრი, ტომას მეთიუ კრუკსი (მოგვიანებით ინფორმაციას FBI-ც ადასტურებს). მან ამომრჩეველთა რეესტრში რესპუბლიკელად გამოაცხადა თავი, თუმცა 2021 წელს დემოკრატებს 15 დოლარი შესწირა. მერე ცნობილი გახდა, რომ მსროლელთან იპოვეს Aღ თვითდამტენი თოფი _ აშშ-ში მასობრივი სროლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალება. სხვათა შორის, პენსილვანიის კანონმდებლობით, სადაც სროლა მოხდა, ნებადართულია ასეთი თოფის ქონა 21 წლის ასაკიდან, მაგრამ არის გამონაკლისი _ თუ ის საჩუქრად 18 წლის შემდეგ მიიღე. ასევე დადგინდა, რომ მცდელობის დროს კრუკსს ეცვა მაისური იარაღის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული YouTube არხ Demolition Firearms -ის ბრენდით. მაგრამ როგორ მოახერხა მსროლელმა იარაღის მიახლოება ტრამპთან? ეს არის კითხვა, რომელიც ყველა ადამიანს გაუჩნდა.  და თან ყოველივე ეს, განსაკუთრებით გაზრდილი უსაფრთხოების ზომების პირობებში?

აშშ-ის საიდუმლო სამსახური ამტკიცებს, რომ თავდამსხმელი იმყოფებოდა „წინასარჩევი ღონისძიების ადგილის გარეთ“. FBI-ის თქმით, სწორედ მისი აგენტები იყვნენ პასუხისმგებლები ადგილის უსაფრთხოებაზე. თვითმხილველების განცხადებებიდან და შემთხვევის ადგილის ვიდეოდან ირკვევა, რომ თავდამსხმელი იყო ასი მეტრის დაშორებით ცოტა მეტ მანძილზე იმ სცენიდან, სადაც ტრამპი იდგა. FBI-ს წარმომადგენელმა კევინ როიეკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყოველივე ეს „გასაკვირია“. გაურკვეველია კრუქსის მცდელობის მოტივები. FBI მიიჩნევს, რომ ის უცხო ქვეყანასთან არ იყო დაკავშირებული.

გასაკვირი არ არის, რომ სოციალური ქსელები უკვე ავრცელებენ უამრავ შეთქმულების თეორიას ტრამპის თავდასხმის შესახებ. ვერსიები ყველაზე მრავალფეროვანია: მსროლელი დაკავშირებულია ან „ღრმა სახელმწიფოსთან“ (სახელმწიფო იერარქიის კონტროლი აშშ-ში, _ რედ.) ან უკიდურეს მემარცხენე მოძრაობა „ანტიფასთან“, ან მოძრაობასთან „ტრანსგენდერების უფლებებისთვის“. წარმომადგენელთა პალატის წევრი, რესპუბლიკელი მაიკ კოლინზი, კიდევ უფრო შორს წავიდა და პირდაპირ თქვა, რომ არჩევნებში მისი ოპონენტის დახვრეტის ბრძანება სწორედ „ჯო ბაიდენმა გასცა“. ამ დროს თავად ბაიდენმა დაგმო სროლა, შეაჩერა წინასაარჩევნო ღონისძიებები და დაბრუნდა თეთრ სახლში და ასევე ტელეფონით ისაუბრა თავად ტრამპთან. სროლის დაგმობა ალბათ ერთადერთია, რაც ამ დროს აერთიანებს როგორც რესპუბლიკელებს, ასევე დემოკრატებს. შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის მხარდასაჭერი სიტყვები თქვა მისმა ყველაზე მგზნებარე ოპონენტებმა, როგორიცაა წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, ნენსი პელოსი, რომ აღარაფერი ვთქვათ მსოფლიო ლიდერებზე.

მიუხედავად იმისა, რომ სროლა კვლავ ბევრ კითხვას ტოვებს, ერთი რამ უკვე ცხადია: მისი შედეგები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მთელ ამერიკულ პოლიტიკასა და მთელ მსოფლიოზეც კი იმოქმედებს. ასეთი მაღალი თანამდებობის პირის მიმართ პოლიტიკური ძალადობის აქტი უპრეცედენტოა. შემდგომი მოვლენები განსაზღვრავს, რა გავლენას მოახდენს სროლა არჩევნების ეფექტზეც. 

რესპუბლიკელებისთვის პოლიტიკური დივიდენდები გარკვეული იქნება. მაგრამ რის ფასად? ამ კითხვაზე წინასწარი პასუხის გაცემა შეიძლება სლოვაკეთში მომხდარი ბოლო ინციდენტის მაგალითად მოყვანით, სადაც პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მკვლელობის მცდელობას გადაურჩა. ლიბერალური ოპოზიცია საზოგადოებას ფიცოს თავდამსხმელის მოტივების პოლიტიკური შეფასებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა. მაგრამ თავად მან, როგორც კი მიიღო ეს შესაძლებლობა, ვრცელ მიმართვაში მკვლელობის მცდელობისთვის რეალური პასუხისმგებლობა სლოვაკეთის ოპოზიციასა და მასმედიას დააკისრა. ამით, რა თქმა უნდა, მან გააერთიანა საკუთარი მომხრეები და, ამავდროულად, კიდევ უფრო გააღრმავა განხეთქილება ქვეყანაში.

ისედაც პოლარიზებულ შეერთებულ შტატებში, სადაც ორი არაპოპულარული კანდიდატი იბრძვის პრეზიდენტობისთვის, შემდგომმა განხეთქილებამ შეიძლება გაამწვავოს კრიზისი. კიდევ უფრო დაყოს ამომრჩევლები პარტიული ხაზებით, რაც გამოიწვევს ამერიკის დემოკრატიის კიდევ უფრო გამკაცრებას მნიშვნელოვან საარჩევნო წელს. ეს კრიზისული ფენომენი არავითარ შემთხვევაში არ არის მომგებიანი დასავლური სამყაროსთვის, მით უმეტეს, უკრაინისთვის, რომლისთვისაც აშშ-ის მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს თამაშობს რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის მოგერიებაში. და რასაკვრიველია, არც საქართველოსთვის, სადაც მნიშვნელოვანი არჩევნები კარზეა მომდგარი, ოქტომბრის ხმის მიცემამ საქართველოს ევროპული ბედი უნდა გადაწყვიტოს. მოსკოვისთვის, „ბოროტების ღერძისთვის“ კი აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკოსის მკვლელობის მცდელობა და ქაოსი მხოლოდ მომგებიანია

შეერთებული შტატების ისტორიის განმავლობაში სახელმწიფოს მეთაურის მკვლელობის მცდელობები უჩვეულო მოვლენაა, მაგრამ არცთუ იშვიათი. პირველი იყო მე-16 პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის მკვლელობა ამერიკის სამოქალაქო ომის დასრულებისთანავე კონფედერატების მხარდამჭერის მიერ (სამხრეთის სახელმწიფოები, რომლებსაც სურდათ მონებით ვაჭრობის შენარჩუნება).

გთავაზობთ თავდასხმების ქრონოლოგიას:

2011 წელი: ბარაკ ობამა – გადარჩა.

აიდაჰოელმა მამაკაცმა თეთრ სახლს 2011 წელს რამდენიმე ტყვია  ესროლა. ბარაკ და მიშელ ობამები სახლში არ იყვნენ, მაგრამ მათი უმცროსი ქალიშვილი. საშა იყო თეთრ სახლში. მკვლელობის მცდელობისთვის დამნაშავეს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რეტროსპექტივაში გაიმართა დისკუსია საიდუმლო სამსახურის როლზე, რომელსაც ადანაშაულებდნენ წარუმატებლობაში.

2005 წელი: ჯორჯ ბუში – გადარჩა.

ჯორჯ ბუში 2005 წელს საქართველოს სტუმრობდა და მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად თბილისში გამართულ აქციას ესწრებოდა, როცა ხელყუმბარა ისროლეს. ყუმბარა დაახლოებით 100 მეტრში ჩამოვარდა და არ აფეთქდა. მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

1981 წელი: რონალდ რეიგანი – გადარჩა.

რონალდ რეიგანი ის-ის იყო, გამოვიდა სიტყვით ვაშინგტონში და მიდიოდა თავისი ავტოკოლონისკენ, როცა ჯონ ჰინკლი უმცროსმა მას ესროლა. რეიგანი ძლივს გადაურჩა სიკვდილს, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 2 კვირაში გაწერეს. კიდევ სამი ადამიანი დაშავდა. ჰინკლი დააპატიმრეს და გადაიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც ნაფიცმა მსაჯულმა ის უდანაშაულოდ ცნო სიგიჟის გამო. 2022 წელს ჰინკლიზე ბოლო სასამართლო შეზღუდვები მოიხსნა და ის სრულიად გაათავისუფლეს.

1975 წელი: ჯერალდ ფორდი – გადარჩა.

ჯერალდ ფორდზე ერთმანეთისგან მიყოლებით რამდენიმე კვირაში ორი თავდასხმა განხორციელდა 1975 წელს, მაგრამ ის ორივეს უვნებელი გადაურჩა. პირველი მცდელობისას ფორდი საკრამენტოში, კალიფორნიაში იმყოფებოდა. ჩარლზ მენსონის მხარდამჭერმა ლინეტ „სკიკი“ ფრომიმ ბრბოს გადაუარა და ნახევრად ავტომატური პისტოლეტი ამოიღო. თუმცა თოფმა არ გაისროლა. სამ კვირაზე ნაკლები ხნის შემდეგ სარა ჯეინ მური ელოდა ფორდს სან-ფრანცისკოში, სასტუმროს გარეთ, სადაც მას ესროლა, მაგრამ ააცდინა. გვერდით მყოფმა მკლავი მოუჭირა და მეორე გასროლის საშუალება აღარ მიეცა.

1972 წელი: ჯორჯ უოლესი – გადარჩა.

ჯორჯ უოლესი იყრიდა კენჭს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციაში, როდესაც მას ესროლეს 1972 წელს მერილენდის კამპანიის მიტინგზე. მას შემდეგ ის პარალიზებულია წელსქვემოთ. ალაბამის გუბერნატორი, უოლესი, ცნობილი იყო აშშ-ის სამოქალაქო უფლებების მოძრაობის რეპრესიებით.

1968 წელი: რობერტ კენედი – მოკლეს.

რობერტ კენედი, ჯონ კენედის ძმა, იყო სენატორი ნიუ-იორკიდან და კენჭს იყრიდა საპრეზიდენტო არჩევნებში. კალიფორნიაში დემოკრატიული პარტიების პრაიმერის გამარჯვების შემდეგ ღამით ის დახვრიტეს ლოს-ანჯელესის სასტუმრო Ambassador -ში. მისი მკვლელი, სირჰან სირჰანი, ჯერ კიდევ კალიფორნიის ციხეშია და მისი განაცხადი პირობით განთავისუფლებაზე ცოტა ხნის წინ უარყვეს.

1963 წელი: ჯონ კენედი – მოკლეს.

ჯონ კენედის 1963 წლის ნოემბერში დალასში სნაიპერმა ესროლა. სროლები ატყდა, როდესაც საპრეზიდენტო ავტოკოლონა შემოვიდა Dealey Plaza-ში დალასის ცენტრში. მისი მემკვიდრე იყო ვიცე-პრეზიდენტი ლინდონ ბ. ჯონსონი, რომელმაც საპრეზიდენტო ფიცი დადო Air Force One -ის ბორტზე ვაშინგტონში დაბრუნების დროს. ის აშშ-ს ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც თვითმფრინავში დადო ფიცი.

ელმის ქუჩაზე სროლიდან რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციამ დააკავა ლი ჰარვი ოსვალდი მას შემდეგ, რაც იპოვა სნაიპერის პოსტი ახლომდებარე შენობაში, ტეხასის სკოლის წიგნების საცავში. ორი დღის შემდეგ ოსვალდი პოლიციის შტაბიდან ქვეყნის ციხეში გადაჰყავდათ, როდესაც ღამის კლუბის მფლობელმა ჯეკ რუბიმ მას ესროლა და მოკლა. კენედის მკვლელობის ირგვლივ მრავალი შეთქმულების თეორია შეიქმნა.

1950 წელი: ჰარი ს. ტრუმენი – გადარჩა.

1950 წლის ნოემბერში ტრუმენი იმყოფებოდა ბლერ ჰაუსში, თეთრი სახლის მოპირდაპირედ, როდესაც ორი შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. ტრუმენი არ დაშავებულა, მაგრამ თეთრი სახლის პოლიციელი და ერთ-ერთი თავდამსხმელი სროლის შედეგად დაიღუპა. თეთრი სახლის კიდევ ორი პოლიციელი დაიჭრა. მეორე თავდასხმელი, ოსკარ კალაზო, დააკავეს და სიკვდილი მიუსაჯეს. 1952 წელს ტრუმენმა სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეცვალა.

1933 წელი: ფრანკლინ დ. რუზველტი – გადარჩა.

1933 წლის თებერვალში, პრეზიდენტად ფიცის დადებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რუზველტი მაიამიში სიტყვით გამოდიოდა ღია მანქანის უკანა სავარძელზე, როდესაც გაისმა სროლები. რუზველტი არ დაშავებულა, მაგრამ ჩიკაგოს მერი ანტონ სერმაკი დაშავდა. დამნაშავეს სიკვდილით დასჯა მიესაჯა.

1912 წელი: თეოდორ რუზველტი – გადარჩა.

ყოფილ პრეზიდენტს თავს დაესხნენ მილუოკიში 1912 წელს თეთრ სახლში დაბრუნების კამპანიის დროს. რუზველტი მანამდე ორი ვადით იყო პრეზიდენტი და კვლავ იყარა კენჭი, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა. ტყვია გააჩერა სათვალემ, რუზველტი სერიოზულად არ დაშავებულა. დამნაშავე ჯონ შრანკი დააკავეს. მან მთელი ცხოვრება ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა.

1901 წელი: უილიამ მაკკინლი – მოკლეს.

1901 წლის სექტემბერში უილიამ მაკკინლი დახვრიტეს ბუფალოში, ნიუ-იორკში. პანამერიკულ გამოფენაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ის რამდენიმე ადამიანს ართმევდა ხელს, როდესაც ანარქისტმა ლეონ ჩოლგოშმა ახლო მანძილიდან გაისროლა. თავიდან აღმოჩნდა, რომ ჭრილობები სასიკვდილო არ იყო, შემდეგ განგრენა განვითარდა და მაკკინლი გარდაიცვალა. მისი მემკვიდრე იყო ვიცე-პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი. ჩოლგოსი სიკვდილით დასაჯეს ელექტროსკამზე.

1881 წელი: ჯეიმს გარფილდი – მოკლეს.

ჯეიმს გარფილდის მკვლელობის მცდელობა 1881 წლის 2 ივლისს, მისი თანამდებობის დაკავებიდან ექვსი თვის შემდეგ, ასევე ფატალურად დასრულდა. გარფილდს ესროლეს ვაშინგტონის რკინიგზის სადგურზე. მკვლელი იყო ჩარლზ გიტეუ, ყოფილი მხარდამჭერი, რომელიც უკმაყოფილო იყო იმით, რომ გარფილდის ადმინისტრაციაში სამსახური ვერ იშოვა. მას ასევე ახასიათებენ, როგორც ფსიქიკურად არასტაბილურს. გიტეო სიკვდილით დასაჯეს 1882 წლის ივნისში.

1865 წელი: აბრაამ ლინკოლნი – მოკლეს.

აბრაამ ლინკოლნი, აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, დახვრიტეს 1865 წლის 14 აპრილს, როდესაც იგი ვაშინგტონში, ფორდის თეატრში ესწრებოდა სპეციალურ სპექტაკლს, კომედიას „ჩვენი ამერიკელი ბიძაშვილი“. დამნაშავე იყო ჯონ უილკს ბუტი, _ იმ საღამოს სპექტაკლის მსახიობი და ორი დღით ადრე სამოქალაქო ომში დამარცხებული სამხრეთის შტატების მხარდამჭერი. ლინკოლნის ადგილი დაიკავა ვიცე-პრეზიდენტმა ენდრიუ ჯონსონმა. ბუტი დახვრიტეს 1865 წლის 26 აპრილს, ვირჯინიის თამბაქოს ფერმაში ბეღელში დამალვის შემდეგ. ოთხი თანამოაზრე, მათ შორის, ერთი ქალი, ჩამოახრჩვეს სამი თვის შემდეგ.

Recommended Posts

მსოფლიო

ისრაელის შეუდარებელი საჰაერო მემკვიდრეობა: 3 ყველაზე წარმოუდგენელი ოპერაცია

შაბათს, დილით თეირანში, შირაზსა და ყარაჯში ისრაელის ოპერაცია განხორციელდა. ისრაელის საჰაერო ძალებმა, რომლებიც ატარებდნენ ოპერაცია “მონანიების დღეებს”, განახორციელეს სამტალღოვანი შეტევა ირანის სარაკეტო და უპილოტო ობიექტებზე – ისრაელის 100-ზე მეტი  თვითმფრინავი, მათ შორის მოწინავე F-35 გამანადგურებელი, მონაწილეობდა ამ მაღალ გათვლილ ოპერაციაში. მიზანი ნათელი […]

Michael
მსოფლიო

ჰამასი გეგმავდა 9/11-ის მსგავს შეტევას ისრაელზე

ჰამასი გეგმავდა 11 სექტემბრის მსგავს შეტევას ისრაელზე, რომელიც ბევრად უფრო სასიკვდილო იქნებოდა, ვიდრე 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტა, რომელიც მოხდა 2023 წელს, ნათქვამია Washington Post-ის ექსკლუზიურ მასალაში,  რომელიც სავარაუდოდ ეყრდნობა ისრაელის ოფიციალური პირების მიერ აღმოჩენილ ჩანაწერებს. ენით აუწერელი იყო ის საშინელება, რომელსაც მსოფლიო 2023 […]

Michael