
ჩინელები ტრადიციულად საკუთარ თავს ჰუან დის, ანუ ყვითელი იმპერატორის, შთამომავლებად მიიჩნევენ. ჰუან დი ერთ-ერთი უძველესი და საკრალური ფიგურაა ჩინურ მითოლოგიასა და კულტურულ მეხსიერებაში. მისი ისტორია არა მხოლოდ მითს, არამედ ჩინური ცივილიზაციის საწყის იდეალებს ასახავს. ჩინური ქრონიკებისა და მეოცე საუკუნეში უნივერსალური კალენდრის გამოყენებით გამოიანგარიშეს იმპერატორი ჰუან დის მეფობის თარიღები, რომელიც ემთხვევა ძვ.წ. 2697–2597 ან 2698–2598 წლებს.
ძველ ჩინურ თქმულებებში ჰუან დი აღწერილია როგორც ძლევამოსილი და ბრძენი მბრძანებელი, რომელიც კუნლუნის მთაზე მდებარე სასახლეში ცხოვრობდა. მას გვერდით ჰყავდა ზეციური მცველი, რომელსაც ადამიანის თავი, ვეფხვის სხეული და ცხრა კუდი ჰქონდა. კუნლუნის მთა სავსე იყო იშვიათი ცხოველებით, ულამაზესი ყვავილებითა და მცენარეებით. ჰუან დის ჰყავდა შინაური ჩიტი, რომელიც მას ტანსაცმლისა და პირადი ნივთების მოწესრიგებაში ეხმარებოდა.ლეგენდის თანახმად, ჰუან დის საკვები იყო თეთრი ჯადეს კრისტალური რძე, რომელიც მთის წიაღიდან მოიპოვებოდა.

ჰუან დის მმართველობა სავსე იყო ბუნებრივ სიუხვითა და ტექნოლოგიური პროგრესით. მის სახელს უკავშირდება მრავალი გამოგონება: ეტლი, ნავი და სამხრეთის მაჩვენებელი სახელგანთქმული მოწყობილობა, რომელიც ყოველთვის სამხრეთისკენ მიუთითებდა – განურჩევლად მოძრაობის მიმართულებისა. ჰუან დის მიეწერება ასევე ჩინეთის პირველი კალენდრის შექმნა, რადგან დაინტერესებული იყო ასტრონომიით და სამედიცინო დიალოგები ექიმ ცი ბოსთან, რომლებიც მოგვიანებით “ნეი ძინგში” გაერთიანდა – ეს არის ჩინეთის უძველესი სამედიცინო ტრაქტატი.

მისი მეუღლე, ლეი ცუ, ასევე მნიშვნელოვანი ფიგურაა კულტურულ გადმოცემაში – მან ჩინელებს აბრეშუმის ჭიის მოშენება და აბრეშუმის ქსოვის ხელოვნება ასწავლა. ჰუან დიმ თავის გარშემო მოაგროვა ნიჭიერი ადამიანები, რომელთაც მნიშვნელოვანი გამოგონებები შექმნეს: ჩან ძიემ შექმნა პიქტოგრაფიული ჩინური დამწერლობა, ლინ ლუნმა – მუსიკის თორმეტტონიანი სისტემა, ხოლო ფენ ბომ – სამხრეთმთითი.

თუმცა ჰუან დის მმართველობას მთლად მშვიდობიანიც არ ერქვა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია მისი დაპირისპირება ჩი იოუსთან – მითური ტომის ბელადთან ან ღვთაებასთან. (ჩი იუ აღწერილია, როგორც ღვთაება, ხოლო სხვა წყაროები მას ტომის ლიდერად აღწერენ.) ჩი იოუს ჰყავდა 72 ძმა (ზოგი წყაროს მიხედვით 81), საშიშად შემზარავი გარეგნობის. მათი თავები ბრინჯაოსგან იყო დამზადებული, შუბლები კი – რკინისგან. მათ ადამიანის სახე ჰქონდათ, მაგრამ ცხოველის სხეული.
ჰუან დისა და ჩი იოუს ბრძოლა მძიმე იყო: ჩი იოუ ნისლი გაავრცელა და ჰუან დის ჯარს გზა აურია. სწორედ მაშინ გადამწყვეტი როლი ითამაშა სამხრეთმთითმა, რომელმაც ჯარს მიმართულება უჩვენა. ბრძოლისას ჩი იოუმ დემონები და ურჩხულები გამოიყენა, მაგრამ ჰუან დის ჯარმა ისინი დრაკონის ხმების იმიტაციით დაამარცხა. გადამწყვეტი ბრძოლა ჩჯოულუსთან გაიმართა, სადაც ჰუან დიმ ჩი იოუ საბოლოოდ დაამარცხა. მის მკვდარ სხეულს თავი ჩამოაჭრა და 1000 ლის დაშორებით დამარხა, რათა თავიდან აეცილებინა მისი აღდგენა.

თქმულების თანახმად, ჩი იოუს სისხლმა ახლომდებარე ტბა მოწითალო ფერით შეღება – დღესაც არსებობს ეს ადგილი და “სიესიანის” სახელითაა ცნობილი. ჰუან დიმ, ჩი იოუს დამარცხების შემდეგ, მთელი შუა ჩინეთი გააერთიანა. მისი იმპერია აღმოსავლეთით ზღვამდე, დასავლეთით დღევანდელ განსუმდე, სამხრეთით იანძის მდინარემდე, ხოლო ჩრდილოეთით შანსისა და ჰებეის პროვინციებამდე ვრცელდებოდა. ლეგენდის თანახმად, ასი წლის ასაკში ჰუან დი ზეცაში აღვიდა – დრაკონის მეშვეობით.

ჰუან დი, ანუ ყვითელი იმპერატორი, არ არის მხოლოდ მითური მეფე, არამედ ჩინური ეროვნული თვითშეგნების გული. ის განასახიერებს ჩინელების წარმოშობას, კულტურულ სიბრძნეს და გამოგონებების სულს. საუკუნეების განმავლობაში მისი სახელი ასოცირდება წარმატებულ მმართველობასთან, ტექნიკურ პროგრესთან და საერთო ჩინური იდენტობის ჩამოყალიბებასთან.